ჩვენს შესახებ
ჩვენი სკოლის ისტორია
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, სადაც 400–მდე მოსწავლე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათლებას ეზიარება და ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქედ ყალიბდება.
ჩვენი სკოლის ისტორია არსებობის მესამე ათეულ წელს ითვლის და მჭიდროდაა დაკავშირებული თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის 53–ე საშუალო სკოლასთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე წარმატებული სასწავლო დაწესებულების სახელს ინარჩუნებდა. ამ სკოლას, ოთხ ათეულ წელზე მეტი საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ქ–ნი ლამარა მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ, მისი თაოსნობით, მისი ხანგრძლივი სასწავლო–აღმზრდელობითი გამოცდილებით და პროცესის ახლებური ხედვით დაარსდა “სკოლა XXI საუკუნე“. 2008-2009 სასწავლო წლიდან, სკოლა თანამედროვე მოთხოვნებზე გათვლილ შენობაში განთავსდა (პროექტის ავტორი, ბ–ნი კოკი ჟორჟოლაძე), რომლის კომფორტული და დაცული გარემო დიდწილად განაპირობებს სკოლის მისიის წარმატებით განხორციელებას.
დაარსებიდან დღემდე, ჩვენი სკოლა წამყვანი სასწავლო დაწესებულების სტატუსს ინარჩუნებს, რასაც უმთავრესად, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდის ერთიანი ძალისხმევა განაპირობებს.
ჩვენი პარტნიორები

ჩვენი სკოლის ისტორია
მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენი სკოლის ვებგვერდით დაინტერესდით.
ჩვენი სკოლა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დაარსდა და მიზნად ახალი საუკუნის მოქალაქის აღზრდას ისახავს.
აღზრდა კულტურისა და ცოდნის გადაცემის რთული და ხანგრძლივი პროცესია. ეს პროცესი საინტერესო და სახალისო რომ იყოს, ჩვენი სასწავლო პროგრამა დამატებითი საგნებითა და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გამდიდრებული.
თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდის უკეთ ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია უცხოური ენების შესწავლა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურასთან ზიარება. ამ მიზნით, სკოლის კურიკულუმი რამდენიმე უცხოური ენის შესწავლას ითვალისწინებს. სწავლების პროცესში მუდმივად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს: ჩვენი მოსწავლეები უკვე რამდენიმე წელია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით ეუფლებიან. მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას ემსახურება გასვლითი გაკვეთილების, შემეცნებითი ვიზიტების და სხვა მრავალფეროვანი აქტივობების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევითი ორგანო სკოლის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. მოზარდები ყოველწლიურად საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით არაერთ ღონისძიებას და აქტივობას ახორციელებენ: გარემოს დაცვითი პროექტები, სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები, ინტელექტუალური თამაშები და კონკურსები, შეხვედრები წარმატებულ და საინტერესო ადამიანებთან.
სკოლაში შექმნილი გარემო თითოეული მოზარდის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და რეალიზებას ისახავს მიზნად. ვფიქრობ, რომ მხოლოდ თვითდამკვიდრებულ და მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი და ძლიერი საზოგადოების შექმნა; საზოგადოების, რომელშიც ადამიანების პატივისცემა, გულისხმიერება, თავმდაბლობა, სამართლიანობა, ოჯახისა და ქვეყნის მიმართ სიყვარული მთავარი ღირებულებებია.
გისურვებთ წარმატებებს!
მარიამ ქუთათელაძე
ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლე პიროვნული ღირსების მაღალი სტანდარტის შესაბამისი ქცევით უნდა გამოირჩეოდეს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის თითოეული თანამშრომლის პატივისცემას, სხვების და ერთმანეთის მიმართ თავაზიან და მზრუნველ დამოკიდებულებას.
ჩვენი სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ, შინაგანაწესის საფუძველზე, შემუშავდა მოსწავლის ქცევის წესები, რომელიც აერთიანებს როგორც აკადემიურ, ასევე დისციპლინურ ნაწილს. ჩვენი მიზანია, დავნერგოთ ქცევის ერთიანი სისტემა, რომლის დაცვა სკოლაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს, რაც სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელების უმთავრეს პირობას წარმოადგენს